საქართველო მდიდარია სოფლის მეურნეობის ტრადიციებით, რაც მისი ისტორიის, მენტალიტეტისა და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. სოფლის მეურნეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და მის ეკონომიკურ განვითარებაში.
ბოლო სამეცნიერო კვლევებით, საქართველო ითვლება ღვინის უძველეს მწარმოებლად მსოფლიოში. ღვინის წარმოების პირველი კვალი საქართველოს ტერიტორიაზე 8000 წელს ითვლის. ღვინოს ქართველები ამზადებენ და ინახავენ თიხის დიდ ჭურჭელში, რომელსაც ქვევრი ჰქვია. ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი იუნესკოს მიერ აღიარებულია არამატერიალური კულტურულის მემკვიდრეობის ძეგლად.
საქართველოს აქვს ზომიერი კლიმატური და ბუნებრივი პირობები, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 43,4% არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც ასევე მოიცავს საძოვრებსა და მდელოებს. საქართველოში არსებობს მრავალფეროვანი ეკოლოგიური და კლიმატური ზონები, დაწყებული სუბ-ტროპიკული კლიმატით შავი ზღვის სანაპიროდან და ქვეყნის აღმოსავლეთის პირას მშრალი კონტინენტური კლიმატით დამთავრებული, რომლებიც ხელსაყრელია სხვადასხვა კულტურების მოსაყვანად. ამ კულტურებში შედის ბურღულეული, ადრეული და გვიანი ბოსტნეული, ნესვი და გოგრა, კარტოფილი, ტექნიკური კულტურები, ყურძენი, სუბტროპიკული კულტურები, ხილის ჯიში და ა.შ.
კლიმატური ზონების გადმოსახედიდან, ქართული ბიოსფერო მრავალფეროვანია. საქართველოში 22 სხვადასხვა ზონა და 49 ტიპის ნიადაგია. მრავალი ენდემური სახეობა ქმნის შესანიშნავ წყაროს მცენარეთა მოშენებისა და მესაქონლეობის განვითარებისათვის. ქვეყანა მდიდარია მელიორაციით და სასმელი წყლის რესურსებით.
საქართველო ხასიათდება აგრეთვე მრავალფეროვანი ზონალობით. სახნავი მიწის მხოლოდ 39% მდებარეობს ზღვის დონიდან 500 მეტრზე, 29% – 500 -1000 მეტრზე ზღვის დონიდან, 21% – 1000 – 1500 და 11% მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე.